იცი ღმერთო , შენთან ლაპარაკი მიყვარს, ვთავისუფლდები სულის შემბოჭავი ბორკილებისგან და შენთან ვარ, იქ , მაღლა…
მაშინ, როცა სამყაროს შეცნობა უნდა დამეწყო წყვდიადში აღმოვჩნდი, ხო ღმერთო, ჩემთან სულ ღამეა და მეც მეშინია. ტკივილის მეშინია უფალო….
მე არასდროს მინახავს მზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, არასდროს დავმტკბარვარ ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტის ცქერით, მაგრამ შემიგრძვნია, განმიცდია , ბევრად უფრო მძაფრად და ძლიერად ვიდრე სხვას.

მე ვგრძნობ ზღვას, ჩემს სახეზე მოლამუნე ტალღებს, რომლებიც თითქოს ზღვის წიაღის ამბებს მიყვებიან, ნაზად მეჩურჩულებიან და მამშვიდებენ.
კიდევ მზე მიყვარს უფალო, მზე , რომელიც ჩემშივე სახლობს და ქარი ,არ ვიცი რატომ, მაგრამ ის ჩემთვის იმდენად ახლობელია და იმდენად ესმის ჩემი, რომ მინდა… მინდა მასთან ვიყო , მას გავყვე, მასში ვიყო…
ხანდახან თავს ძალას ვატან, ვცდილობ დავინახო, მზის სხივებს სახეს ვუშვერ, მინდა ჩემს ღამეშიც შემოაღწიოს სინათლემ, თუნდაც ნაპერწკალმა, სინათლე მინდა ღმერთო.. ჩემს ფიქრებში , აზრებში ვიხრჩობი, რა მოხდებოდა რომ მეც… და ყველაფერი მერევა, გრძნობას გონებას ვერ ვუმორჩილებ…

ღმერთო, შენ ხომ მაინც იცი, როგორია უსინათლო გოგონას მიერ დანახული სამყარო, ხალხის სიბრალულს ვგრძნობ უფალო, ხომ იცი, როგორ მიჭირს. არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე. მტკივა…
მეშინია, რომ ჩემს ამ წყვდიადში დავიკარგები, სიბნელე მშთანთქავს. უფალო ერთადერთი რამ მანუგეშებს, რომ მარტო არ ვარ, რომ ჩემნაირები კიდევ არიან, ზოგს ჩემზე მეტადაც უჭირს. ეს მაძლიერებს, მათ ხომ შეძლეს, მეც შევძლებ, არ დავნებდები არა!

კიდევ ჩიტები მიყვარს უფალო, ისინი შენ მიერ გამოგზავნილი ანგელოზები მგონია, ჩემთან მოდიან , მეჟღურტულებიან, მართობენ…
უფალო შეიძლება სიყვარული შემიყვარდეს?.. ამ გრძნობამ ჩემს სამყაროშიც შემოაღწია და სამუდამოდ დაიდო ბინა. ხო ,მე სიყვარული მიყვარს, არ ვიცი როგორ , ამას ვერ გადმოვცემ უბრალოდ ვგრძნობ, მთელი ჩემი ბავშვური აღტაცებით.

ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემთან ხარ უფალო, შენს გულში ხომ დაუშრეტელი სიყვარულის მზე ანთია, მეც მინაწილებ, უხვად მეღვრება შენი სითბო და ნუგეში, მაგრამ უფალო სული მაინც ცარიელია…
იცი მინდა შენს უსასრულობაში შემოვაბიჯო, უფალო ნუთუ აღარ დამთავრდა ჩემი არდადაგები ამ ქვეყნად? დავიღალე… დაგპირდი გავუძლებ მეთქი, მაგრამ ვეღარ ვუძლებ. მაპატიე… მიმძიმს. ვერ ვუმკლავდები ფიქრთა კორიანტელს, გრძნობათა ზღვას, რომელიც მსდაგავს, გულს ნაფლეთებად მიგლეჯს. მე ხომ ისიც კი არ ვიცი, როგორი ვარ, იქნებ ურჩხული ვარ, განა შეიძლება ურჩხული მშვენიერი იყოს?! მტკივა…

მაგრამ მე ადამიანები მიყვარს უფალო, წრფელი, უანგარო სიყვარულით, ეს ამოუცნობი არსებები ჩემთვის ძალიან , ძალიან ძვირფასები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი ჩემს არსებობას ვერ ამჩნევს… მე კი მესმის მათი, მათი ხმა გულს მითბობს, მათთან სიახლოვე იმედით მავსებს, მაგრამ სული მაინც ცარიელია უფალო…
უფალო რა მინდა? რას ვითხოვ? მინდა ვიარსებო უფალო, თუნდაც რამდენიმე წუთით სიცოცხლე შევიგრძნო, ცა და მიწა შევისისხლხორცო, გავთავისუფლდე და უბრალოდ ვიყო. უფალო მიჭირს…
შენ ჩემი სიჩუმის გესმის, ჩემი ტკივილი გტკივა, ჩემი სუნთქვით სუნთქავ, დღიდან დღემდე, სულ, მუდამ ჩემთან ხარ და მე…..
მე შენ გხედავ უფალო….. აღარ მტკივა, მაგრამ სული მაინც ცარიელია….Image