-ბლოგი!
(პასუხი არ არის)
დიდი დაბრუნებების არ მჯერა ,ჩემმა მტვერდადებულმა ბლოგმაც ალბათ სამუდამოდ დამივიწყა,არ მიკვირს, ვიმსახურებ.
ხოდა,აი, მონატრებულო მეგობარო, მე,რომელსაც შენი ინტერნეტ სივრცეში მოვლენის დღე ყოველთვის მავიწყდება, შენი ხნიერების და მოღვაწეობის ზუსტი განსაზღვრაც არ შემიძლია, მოვედი,რომ მოგიყვე მომხდარი ამბები ჩვენი ბოლო შეხვედრიდან.
პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ შეგიძლია იამაყო ჩემით. აბიტურიენტულმა წუწუნმა , გაცდენილმა გაკვეთილებმა, წამებში შეკოწიწებულმა, ვერმოსწრებულმა დავალებებმა უკვალოდ არ ჩაიარეს და ახლა შენ წინაშე სამართლის სრულგრანტიანი სტუდენტი დგას,რომელიც ამაოდ ცდილობს შემოგირიგოს.
აბიტურიენტობის პერიოდი სრულებით არ ყოფილა მტკივნეული და ისეთი ტრაგიკული, როგორსაც აღწერენ ასნი და ათასნი. შენ ხომ მაინც იცი, რომ სამყაროში უზარმაცესი ცოცხალი არსება ვარ, მაგრამ უნიჭირესიც რომ ვარ, მაგას ვერ უარვყოფთ.
მაგრამ, ხომ იცი, მეგობარო, რომ მისტერიებით აღსავსე მოვლენები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უზარმაზარი მოსალოდნელი ალბათობის მიუხედავად,გამოცდის წინ არ ჩამეძინა, მაგრამ, გამოცდამდე მისასვლელი გზა ეკალ-ბარდებით ამიყვავილდა. დიახ, მე ის ერთადერთი განსაკუთრებული აბიტურიენტი ვარ 40000 ათასს შორის, რომელსაც ჩასაბარებელი საგნების ქართულენოვანი ჩამონათვალი, რუსულად გადაუსხვაფერდა ზეციური ძალებით. იმედგადაწურულმა მოვიარე ეროვნული ცენტრის ციხესიმაგრეები,ღირსეულად გავუძელი შუბლის სიცხეს და ხელების სიცივეს, თვალებდასიებულმა ვწერე განცხადებები პატივცემული ქალბატონის სახელზე და ყველაზე მთავარი, ეს ყველაფეი საიდუმლოდ შევინახე. ოჯახის წევრთაგან სულიერმა არვინ უწყოდა ჩემი მოახლოებული სიკვდილის ამბავი.
მეგობარო, ხომ იცი, როგორი ძლიერი ვარ, ეს ბრძოლაც მოვიგე, სრულიად მარტომ, როგორც ყოველთვის.
და შემდეგ იყო ეპოქალური მოვლენაც, გაგიკვირდება და გამოსაშვებ საღამოსაც არ გამოვაკლდი, ჩემი დამოკიდებულებების მიუხედავად გავრისკე და კიდევ უფრო გაგიკვირდება ჩემგან ამის მოსმენა,მაგრამ სრულებით არ მინანია. ხო,გოგოც ვიყავი ერთი დღით, მანამდე კი გამომრჩა, იყო ყველაზე სანატრელი და როგორც აღმოჩნდა ყველაზე ემოციური, მოგონებებგაცოცხლებული დღე.
და აი, ბოლო ზარიც გაჟღერდა, თვალებიც ამიტირნდნენ. ბოლო და უკანსკნელი სიტყვა დავუტოვე მშობლიურ კედლებს,სადაც 12 წლის განმავლობაში ღირსეულად ვიღვაწე.
მთელ ამ ამბავში, ყველაზე მეტად მტკიოდა დამრიგებელთან განშორება. ქალთან,რომელთანაც რაღაც არაამქვეყნიური სიყვარული მაკავშირებს, რომლის თვალებიდანაც უსაზღვრო სითბო და სინაზე მიმზერს,მასზე უფრო მეტს მოგიყვები სხვა დროს,მეგობარო ❤
ბოლოს, კარს მომდგარ გამოცდებსაც მედგრად დავხვდი და შტურმით ავიღე მაღლივის საგამოცდო ცენტრი. ხო, რომ არ გამომრჩეს, მეგობარო, გამოცდების პარალელურად , მუშაობა დავიწყე ჟურნალისტად და მომავალი იურისპრუდენციის
ღირსეულმა წარმომადგენელმა დიდი წარმატებით გავიკვალე გზა,ალბათ უფრო ძველი, ტკბილი დროის გამოძახილი ოცნება ავისრულე.
შემდეგ კი დაიწყო დაუსრულებელი ლოდინი, მოუთმენლობა და სიგიჟის ზღვარს მყოფობა- ქულების მოლოდინი,რომელიც ცოტა ხანში გრანტის მოლოდიმა ჩაანაცვლა და ბოლოს,როგორც იქნა აღსრულდა, აგვისტოს ბოლოს , ოფიციალური სრულგრანტიანი სტუდენტი გავხდი. სასწაული ვინმე ვარ, ვიცი.
კიდევ მეგობარო, შენი არ იყოს და , ბევრი მეგობარი გამომეცალა, გაგიკვირდება და არ ვთვლი, რომ წამსლვლელი უნდა წავიდეს. სასაცილო სწორედ ისაა,რომ ხშირად წაუსვლელები მიდიან და მარტო გვტოვებენ.ადამაინები,როგორც იმედები, თავშესაფრები, შენი ტკივილების შემსისხლხორცებლები, ურყევი საყრდენებიც კი მიდიან და გტოვებენ უკან მოუხედავად. იღლებიან და მიდიან, ვერ გიძლებენ და მიდიან .უნდა გავუგოთ ,მეგობარო,მაგრამ მე არ მესმის. არ ვიმსახურებ!
მაგრამ იმდენად ძლიერი ვარ მეგობარო, რომ ყოველი მტკივნეული,თავპირდასისხლიანებული წაქცევის შემდეგ ფეხზე წამოდგომა შემიძლია, და ვდგები უფრო გამართული, უფრო ბრძოლისუნარიანი.არა, არ შეიძლება ტანჯვის განუზომელი ნიჭი ყოველთვის გამოვავლინო.
შემდეგ კი დადგა ნანინანატრი დღეც, უნივერსიტეტში შევაბიჯე და ჰოი,საოცრებავ, სამოქალაქო სამართლის პირველმა ლექციამ ვერაფრით აღმაფრთოვანა, გარდა იმისა, რომ საშინლად შემეშინდა, თვალწინ ჩამიარა განვლილმა გზამ და იმის წარმოდგენამაც რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ იურისპრუდენცია არ იყო ჩემი, მოსვენება დამიკარგა.
დღეები მიჰყვა დღეებს, ლექციებმა ერთმანეთი ანაცვლა და თავდაჯერებულობაც ერთიორად გამიმძაფრდა. ახლა ზუსტად ვიცი, მეგობარო რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, რომ სიამოვნებასაც კი ვღებულობ კოდექსის მუხლების სწავლით და კაზუსების ამოხსნა ამქვეყნიურ ნეტარებად მევლინება.
კიდე რა მეგობარო, რა გითხრა, რით გაგახარო. ყველაზე გადატვირთული გრაფიკი მაქვს, რაც შეიძლება მოკვდავს გააჩნდეს, უნივერსიტეტში ყოველდღე გამოცდა, რას ვიზამთ მაღალი სტანდარტი პირსისხლიან რეჟიმს მოითხოვს, კიდევ ისტორიას ვსწავლობ მეგობარო, ხომ იცი, ერთმანეთს როგორ არ ვყვარობთ, 100 გვერდიან კონსტიტუციურს, 60 გვერდიანი ისტორია ემატება და სრულ ჰარმონიას ქმნის.
ყველაფერთან ერად სტატიების წერაც უნდა მოვახერხო და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შევასრულო. სტუდენტურ აქტივობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სრულ შემოქმედებით ღწვაში ვარ, ჯერჯერობით ვუძლებ, ვნახოთ რა იქნება.
ახლა კი მეგობარო, დროა დაგემშვიდობო.
იმედია თავი არ მოგაწყინე.
არ დამივიწყო, მოგინახულებ ხოლმე
დროებით ❤