ამბავი1.

მეგობარი მოიყვანა სახლში.ზეიმზე მიდიოდნენ ერთად.პატარა იყო ბიჭი,მაგრამ დიდ გულში, დიდი თავმოყვარეობა ჰყავდა. ასეთ ბიჭებს კარგი დედები უნდა ჰყავდეთ. იფიქრებთ,დედები ხომ ისედაც კარგები არაიან,თან ასეთი ბიჭების დედებიო,მაგრამ არა. არ ესმოდა დედას,ვერ გრძნობდა თავის შვილს. ვერ ხედავდა მას,ათასი ფიქრების და მოუსვენრობის მიღმა. ამიტომაც, ატკინა გული, შეარცხვინა. მეგობრის თვალწინ დაამცირა და სილა გააწნა. რატომ? იმიტომ რომ, ნერვები ვერ მოთოკა. დედების ნერვები ხომ ასეთი ფაქიზია და შვილის გრძნობებზე უფრო მეტად უღირთ. დედებს უყვართ შვილები, მაგრამ სიყვარულს უცნაურად გამოხატავენ.სცემა იმიტომ, რომ მისთვის კარგი უნდოდა;სცემა იმიტომ, რომ ლექსი შეეშალა; სცემა იმიტომ,რომ ხალხში შერცხვებოდა,თუ კიდევ შეეშლებოდა ზეიმზე. სცემა და ვერ მიხვდა,რამხელა ტკვილი მიაყენა. ვერ მიხვდა,რომ პატარა ბიჭს, მეგობარი პატარა ბიჭის ერიდებოდა. ნაცემი და ატირებული,თავს დამცირებულად გრძნობდა,მაგრამ დედები ვერ ხვდებიან,ასეთ რაღაცებს. მათ არ ესმით,რომ პატარა შვილების გულებში,დიდი სამყაროებია გამოწყვდეული, იმდენად სათუთი,რომ ერთ უხეშ შეხებასაც ,შეუძლია დაანგრიოს . ამ სამყაროში ვერ შედიან დედები,ამ სამყაროში მათი ადგილი არ არის. იმიტომ, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ასეთი სამყაროების არსებობა და ასე, უმაწყალოდ და გაუაზრებლად ანადგურებენ მათ . დანგრეულ სამყაროებიანი ბავშვის გულში კი , ჩნდება სიცარიელე, სიცარიელე ,რომელიც აღარასდროს განეშორება. ამიტომაც,დედებო,ბევრსამყაროებიანი ბავშვების,დედებო, ნუ დაუნგრევთ შვილებს კოსმიურ ქვეყნიერებებს და შეეცადეთ , შეაბიჯოთ მათ მზეებიან გულებში.

ამბავი 2.

“-ბებო მარცხვენ. ბებო,გაჩუმდი, მრცხვენია. აუ,რატომ ხარ ჩემი ბებო, ხალხი დამცინებს
-კარგი, ბე.,ჩუმად ვარ,აი, ჩემო პატარა.
-აუ…ნუ იყურები ასე, რანაირი ხარ. დამცინებენ. რა დავაშავე
-კარგი,ბებო,კარგი.აღარაფერს ვამბობ.
-აუ,ხელს მასე ნუ აკეთებ,სირცხვილია. რანაირი სახე გაქვს,აუუ…. ”
…………
სიჩუმე
სიჩუმე.
ბავშვის უკმაყოფილო სახე.
გაფაციცებით ათვალიერებს მგზავრებს,ვინმემ ხომ არ დაინახა, მისი “სამარცხვინო” ბებო,ვინმემ ხო არ დასცინა.
არავინაა. ვერავინ ნახა.
ვერც მე. მე,რომელიც ვუყურებდი,მის საყვარელ, შვილიშვილის სიყვარულით გაჟღენთილგულიან ბებოს და ვფიქრობდი,რომ ბებოები ყველაზე კარგები არიან, ყველაზე სიყვარულებიანი და იმედის მომცემები,რომ ბებიების გულები ყველაზე თბილია, მათი ხმა კი, – ყველაზე ჟღურტულა და ტკბილი.
ბიჭი პატარა იყო, მაგრამ ბებოს სიყვარულს დიდად ყოფნა არც ჭირდება
გაიზრდება და მიხვდება,ოდესღაც,რამხელა ბედნიერებაა ბევრგულებიანი ბებოს ყოლა გვერდით.
ბებოები თავად სიყვარულები არიან. ❤