როცა ბლოგის ავტორი აბიტურიენტია, ამასთანავე თანდაყოლი სიზარმაცის მომაკვდინებელი სენით დასნეულებული, დამეთანხმებით, ყოვლად უმსგავსო საქციელია პოსტების წერა მოსთხოვოთ, მაშინ, როცა მას უკვე არსებობაც კი ეზარება. ( ცოტა არ იყოს ვაჭარბებ :/)

ბლოგის ავტორი თითქმის ყოველდღე აპირებს კარგი გოგო გახდეს , მაგრამ რატომღაც კარგ გოგოობაც განუსაზღვრელი დროით იდება. მიზეზი ჩემთვისაც ამოუცნობია.

ბლოგის ავტორი ისევ დაუღამებელი დღეებით ცხოვრობს და სიგიჟემდე ენატრება გაზაფხულის თბილსურნელება. და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მას მოახლოებული გამოცდები იმდენად არ აკრთობს ,რამდენადაც გამოცდაზე დაგვიანება-ჩაძინების შიში აფორიაქებს. არაპუნქტუალობა მისი ერთგული მეგზურია. სწორედ ამიტომაა, რომ,როცა სკოლაში მიდის ( თუ,რასაკვირველია, მოხდა მსგავსი რამ ) ყოველთვის, სულ მცირე ნახევარი საათით იგვიანებს. დიახ, მისი უნამუსობა ზენიტს აღწევს, ვერ შეგედავებით.

ამავე გოგომ კარგად იცის, რომ მიუხედავად, სკოლაში არწასვლის დაუკობელი სურვილისა და მისდამი, აწ უკვე სიძულვილნარევი გრძნობისა, გავა დრო და მოენატრება ეს მონსტრების კორპორაცია, თავისი მწვანე, ტკბილ-მწარე მოგონებებით გაჟღენთილი კედლებით და რომ აუცილებლად დაწერს ამაზეც, რადგან ეს გოგო ძალიან სენტიმენტალურია და დარწმუნებულია, რომ ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, მაშინ, როცა მისთვის ბოლო ზარი გაჟღერდება, ცრემლებსაც გადმოაფრქვევს, რადგან ეს ზარი არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება მთელი 12 წლიანი ამბების მესაიდუმლე, ტკიბილხმოვანი და ყურთასმენის დამტკბობი მელოდია

შეიძლება მას გარკვეული დროის შემდეგ, კლასელებიც კი მოენატროს, თუმცა ეს დრო უფრო გაურკვევლად და ბუნდოვნად ესახება, ამ ეტაპზე. 3:)

და ბოლოს, ისევ და ისევ აბიტურიენტობა, განუყრელი სიზარმაცე, უძილობას შეხიზნული-მე და კიდევ უფრო საშინელი უდროობა, რომელიც სულიერად განადგურებს და ურცხვად გაიძულებს წიგნებთან განშორებას.(მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ) ამ ჩემთვის წარმოუდგენელი მოვლენის გაცნობირება მაშინ დავიწყე , რაც აბიტურიენტობის მძიმე უღელს შევემეცნე. ისე იმსხვერპლა მან ჩვენი ურთიერობა, წარბიც არ შეუხრია . თავის მოვალეობას ზედმიწევნით ასრულებს, ვერ დავუკარგავთ.

ბლოგი რომ ჩემია და რასაც მინდა იმას დავწერ, ეგ უკვე ფართოდ გავრცელებული ცნებაა და ვგონებ, შეხსენებას არ საჭიროებს. ხოდა, სულ ეს იყო .ბლოგის ავტორი ,როგორც კი გრანტიანი სტუდენტი გახდება ,ამაზეც დაწერს, რადგან მოგეხსენებათ ჩაბარებაც არის და ჩაბარებაც, მე კი ამათგან ღირსეულს ვირჩევ. ისე ვერ შევთანხმდებით, უბრალოდ.

ხოდა, ბარემ, ბლოგის ავტორი მტკივნეულად განიცდის ლარის დევალვაციას და მოუთმენლად ელოდება ოსკარების გემრიელ ამბებს. ასე. ^_^