მეტროთი მგზავრობა მიყვარდა, ახლა აღარ მიყვარს, თუმცა ამ ამბავს მომხდართან საერთო არაფერი აქვს. გონებაში მრავალი კადრი მყავს გამომწყვდეული, რომლებიც არაფრის დიდებით არ მტოვებენ. ალბათ, არც მინდა რომ დამტოვონ. ეს ამბავიც ერთ-ერთი იმ კადრთაგანია, რომელიც განუყრელად დამიძმობილდა.
ამბავი ჩვეულებრივია, ორიგინალურობას და ზედმეტ ფერადოვნებას მოკლებული. ზოგს უღიმღამო ისტორიადაც მოეჩვენება, მაგრამ მთავარია მე არ ვფიქრობ ასე, რადგანაც ის დღემდე ჩემთან მყავს.
ახლა, ზუსტად ვერც რიცხვს ვიხსენებ, ვერც თვეს იმ დღის დასაზუსტებლად, რომელმაც ეს ამბავი შვა.
მოქმედება მეტროს სადგურში ხდება. მატარებლის მოლოდინში ჩემი უმოქმედობას მიუჩვეველი თვალები უცნობ პიროვნებას აწყდებიან. სავარაუდოდ ახალგაზრდა ყმაწვილია, სავარაუდოდ იმიტომ რომ, ხანგრძლივ ავადმყოფობას ხარბად დაუტყვია მისთვის თავის საზიზღარი ხელი.
ერთ ვაგონში აღმოვჩნდით. არსებულ დახუთულ ჰაერს, ჩემი დამძიმებული გულის თითქმის არფეთქვა ემატება და შეხმატკბილებულ კონტრასტს ჰქმნის.
ბიჭი ფერმკრთალი სახითა და სიცოცხლე გამოფიტული თვალებით აქაა. თან რამოდენიმე მეგობარი ახლავს, ( კონკრეტულად ორი). ის მათზე ბევრს იცინის, კიდევ უფრო ბევრს ლაპარაკობს. და რაც მთავარია, თავისუფალი ადგილების მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანმხლებნიც კომფორტულად სხედან და იქიდან ძალდატანებით ( მე ასე მომეჩვენა) ღიმილს აგებებენ. ის მაინც არ ჯდება. არა. თითქოს იმდენად მყარად დგას,ორივე ხელით სიცოცხლეს ჩაბღაუჭებული, ( ამ შემთხვევაში სახელურებს) რომ ვერავითარი ძალა მიწაზე ვერ დაანარცხებს., არც წაიბორძიკებს. მას სჯერა, ყოველშემთხვევაში უნდა რომ სჯეროდეს.
მე ხომ ვიცი, მე ხომ ვხვდები რომ გარეგნული სიმშვიდის, მოჩვენებითი სილაღის მიღმა, გულში ღრმად ჩაბუდებული სევდის ჩაკვლას ცდილობს. უნდა რომ ბოლო მოუღოს, თავი დააღწიოს, გათავისუფლდეს მისგან.. მაგრამ ირგვლივ ამაოებაა, მრუმე ფერებით და მთელი ძალით ბოჭავს, თავისკენ მიათრევს. ისიც ყველაფერს ეჭიდება, რაც კი შეხვდება და იქაც მხოლოდ განწირულ ნაკაწრებს ტოვებს.
მაშინ როცა, გარეთ ზაფხულია, ( ხო ეს მახსოვს) მრავალი სიახლისა და თავგადასავლის მაუწყებელი და მეც წესით ყოვლად კმაყოფილს , ახლა მატარებლის ერთ-ერთ დახუთულ ვაგონში , გული მოულოდნელად თავს დამტყდარი ტკივილისაგან მეწურება. ვერ აღვწერ რატომ მტკივა, რას განვიცდი, თუმცა როგორ არა. მე ამ ბიჭის ახალგაზრდა სიცოცხლე მტკივა, მტკივა მისი სევდაამღვრეული თვალები, მისი სიკვდილჩაბუდებული სული მტკივა.მინდა მივიდე, გამოველაპარაკო, მაგრამ მეშინია, ისიც კი არ ვიცი, რა ვუთხრა, როგორ ვუთხრა.
სისუსტეს ვგრძნობ, ხელებიც მიკანკალებს, ის ჩემს წინ დგას, თითქოს რაღაცას გრძნობს, თვალებში მიყურებს, მეც აღარ ვიცი სად მოვაფარო ეს ჩემი ცრემლიან-ტკივილიანი თვალები. აი, ის ბურთი მეჩხირება ყელში, დრამატულ მომენტებს რომ ახლავს თან. მაგრამ ეს ბურთი არ არის, რაღაც კიდევ უფრო მძიმეა, სუნთქვაშემკვრელი.
შემდეგ ადგილები თავისუფლდება. ვაგონიც ნელ-ნელა იცლება. ჩვენ ისევ იქ ვართ. ” ოღონდ ჩემს გვერდით არ დაჯდეს ” გაფიქრებაც და ის უკვე აქაა, გვერდით. თითების ათასგვარი და ათასფერადი ნერვული მოძრაობით, იმ ტკივილის დამალვას ვცდილობ, რომლითაც სრულიად გავიჟღინთე. ის ამჩნევს ცრემლებს, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით მოსრიალებენ, იმის ძალაც აღარ მაქვს , რომ მოჭარბებულ ემოციებს გავუმკლავდე და მათ ზეიმის საშუალებას ვაძლევ.
მატარებელი ჩერდება. ჩემი ჩასვლის დროა, ვცდილობ თავი მოვუყარო ძალებს, რომლებიც თითქმის აღარ შემომრჩა.რაღაც გამომდის, ვდგები და მივდივარ.
მივდივარ დამძიმებული, გაურკვეველი მიმართულებით და კიდევ უფრო გაურკვეველი ფიქრებით, მივდივარ ფეხვერგადადგმული ნაბიჯებით, სუნთქვაშენელებული გრძნობებით, მივდივარ ტკივილშეუშრობელი თვალებით , რომლებიც კვლავ იქ არიან, იმ ვაგონში, მასთან.
შემდეგ რაღაც იცვლება. შეგრძნება იმისა, რომ ის კვლავ გვერდითაა ქრება.გრძნობაარეული გონებაც მშვიდდება. ვმშვიდდები მე და ჩემთან ერთად ყველაფერი თავიდან იწყებს სუნთქვას. მე კი ახლა, უბრალოდ მივდივარ, აუჩქარებლად და ვფიქრობ, რომ აუცილებლად დავწერ მასზე. დავწერ მთელი გრძნობით, განცდილი ემოციების მოშველიებით. აუცილებლად დავწერ.
შინისაკენ მიმავალმა , გზად, მეტროს სადგურში დაკარგული სიმშვიდე ვიპოვე და გულში ჩავიხუტე. მერე ეს ამბავიც ნელ-ნელა მიმავიწყდა. დრო გავიდა, მაგრამ მოჩვენება ბიჭის კადრი ჩემს მეხსიერებას დღემდე შემორჩა. ვიცი , რომ ის არასდროს არსად წავა, დიდხანს იცხოვრებს ასე ტკბილად და წარუშლელად.
ალბათ, მე ზედმეტად სენტიმენტალური გოგო ვარ, ალბათ კი არა , ვარ. ეგ არის და ეგ. ❤