ამბავი 1.
ქვეყანა ზეიმობდა, ქვეყანას უხაროდა, რა? წინ გადადგმული ნაბიჯი, არაფრის მომცემი ხელშეკრულება, რომელიც ერთობ აიმედიანებს და სამომავლო წარმატებას უქადის ქვეყანას, რომელმაც “რაღაცას” მიაღწია.
ცნობილი ფაქტია, რომ გადაჭარბება გვიყვარს, გაზვიადება, პრიმიტივიზმში გადაზრდილი, აზრს მოკლებული აღმაფრენა. ეს ბედი ეწია ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებასაც, არაფრისგან ყველაფერი შევქმენით.ხვალინდელი დღის მოლოდინით , ევროპასთან მჭიდრო კავშირის დამყარებისა და უვიზო მიმოსვლის იმედით ,ცხოვრების დონის ამაღლების იმედით კი ტკბილად დაგვეძინა. ვინ იცის სიზმრადაც რამდენი რამ შევთხზეთ.
ინსცენირება იმისა, რომ ერი ბედნიერია, ერი კმაყოფილი და უზრუნველყოფილია მარტივია, ხოლო ერს რომ საყოველთაო მუხლის მოდრეკის მოთხოვნილება ოდითგან მოჰყვება ,ეს უკვე პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ ყოველთვის ვეძებდით და გვჭირდებოდა ფეტიშები, ვპოულობდით მათ და შემდეგ საუკუნო ნეტარებას ვეძლეოდით. მონობაში გაზრდილი ადამიანი ხომ კვლავ მონობისკენ მიისწრაფის?! სჭირდება ის , ვინც მის ნაცვლად იფიქრებს, იაზროვნებს , ის კი უკან გაჰყვება მორჩილი, უტყვი მზერით.
ამბავი 2.
პრადოიანი მამაო და მამაოს ბილწსიტყვაობა ცუდია, თან ძალიან, თითქოს ამას უკვე შევეგუეთ, არც არაფერი გვიკვირს, ყოველშემთხვევაში მე. საკვირველი და საოცარი იმ ავბედით კადრებში აღარც არაფერია უკვე. (იმედია ხვდებით რომელ კადრებსაც ვგულისხმობ ) მაგრამ ….
იმ ადამიანების არსებობა , რომლებიც მამაოს ანაფორაზე ხელს იწმენდნენ კი პრობლემაა. პრობლემაა, რომ ამორალური ადამიანები სხვის მორალურობაზე საუბრობენ . დაცემულის ხილვისას საცირკო წარმოდგენებს დგამებენ. ტკივილის ნაცვლად უხარიათ, იცინიან, ნიშნის მოგებით ქირქილებენ.. უცოდველის როლებს მორგებულნი ამაყად თელენ სხვის პიროვნულობას და ჭეშმარიტების მქადაგებელ მესიებად გვევლინებიან.
და კიდევ არიან ადამიანები ზემოთხსენებულ მორალისტებს რომ აკრიტიკებენ და მამაოს ქმედების გასამართლებად აფსურდული არგუმენეტები მოჰყავთ. რომ ისიც კაცია, რომ მასაც აქვს თავმოყვარეობა, რომელსაც თუ შეუბღალავ ინანებ, ფიზიკური ანგარიშსწორება არ აგცდება. აბა მარტო გაბედე …. ხო ,ასეთი ადამიანებიც არანაკლებ საბრალოები არიან ზემოთაღნიშნულ კატეგორიაზე.
ამბავი მესამე. (ეპილოგი)
სამართლიანობა და მისი სხვადასხვაგვარი აღქმა. საბოლოო ჯამში კი უსამართლობა და ხალხი , ბრბოდ ქცეული, გაურკვეველი მიზნებითა და კიდევ უფრო გაურკვეველი პრიორიტეტებით.
რწმენისა და ურწმუნოების ამაო ჭიდილი, თვითგადარჩენის ცხოველური ჟინი, დამახინჯებული ცნობიერება, ღირსება გამოფიტული ერი და ქვეყანა, ქაოსში ჩაძირული.